ლანდსბერგისი: "საქართველოს მიმართ შესაძლო ზომების ჩამონათვალში ევროინტეგრაციის შეჩერებაც უნდა ფიგურირებდეს"
24/06/2024 08:17:29 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელ გაბრიელიუს ლანდსბერგისის აზრით, აუცილებელია, საქართველოს მიმართ შესაძლო ზომების ჩამონათვალში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წარედგინებათ, ერთ-ერთ ვარიანტად ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებაც ფიგურირებდეს.
'შესაძლო ვარიანტების სიის წარმოდგენა კარგი ნაბიჯია, თუმცა სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული ვარიანტები, რომლებიც ამ დოკუმენტში მოხსენიებული არაა, - მაგალითად, საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება. ვფიქრობ, ის უნდა იყოს მოხსენიებული" - განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა.
ცნობისთვის: დღეს ლუქსემბურგში საქართვეს საკითხზე დებატები იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებების გამო მისაღები ზომების ჩამონათვალი წარედგინათ.
შესაძლო მოკლევადიანი შეზღუდვები მოიცავს მთავრობის დაფინანსების დროებით შეწყვეტასა და უმაღლეს დონეზე სხდომების/ვიზიტების შეჩერებას, ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში - მათთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შეჩერებას; ვითარების კიდევ მეტად გაუარესების შემთხვევაში - ინდივიდუალურ სანქციებს, დიპლომატიური პასპორტების მქონეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, ქვეყნის სამხედრო/ჰუმანიტარული დახმარების შეჩერებას, ხოლო ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში - საქართველოს მოქალაქეთათვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.


