ირაკლი კობახიძეს ბერლინში "გლობალური ომის პარტია" აღარ უხსენებია
21/06/2024 16:28:46 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე გამოსვლისას, აღარ უსაუბრია "გლობალური ომის პარტია", რომელშიც სახელისუფლებო პროპაგანდა დასავლეთს აერთიანებს.
მან ისაუბრა საქართველოსთვის რთულ პირობებში მეგობრების მხარდაჭერაზე, ამ მხრივ გამოყო გერმანიის როლი და მადლობა გადაუხადა როგორც ქვეყანას, ისე გერმანელ სტუმრებს. თუმცა აღარ უხსენებია გერმანიის ელჩი, რომელიც არაერთხელ გახდა, მათ შორის, კობახიძის სამიზნე, მეტიც, "ელჩად წოდებულადაც" მოიხსენია მას შემდეგ, რაც ელჩმა მკაფიოდ თქვა, რომ "აგენტების კანონის" პირობებში საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
მიუხედავად ევროპელი პარტნიორების არაერთგზის მითითებისა, რომ ქვეყანა, მათ შორის "აგენტების კანონით" არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, არამედ რეგრესის გზას ადგას და განიხილება ამ ნაბიჯების საპასუხო ზომები, კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველო 2030 წელს გახდება ევროკავშირის წევრი. მან ხაზი გაუსვა მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში. ეს ბავშვები იცხოვრებენ აუცილებლად ევროკავშირში, ეს ბავშვები იცხოვრებენ ერთიან საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს მოხდება ძალიან მალე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას, ჩვენი გერმანელი მეგობრების მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს მეგობრებთან ერთად ვისაუბროთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე", - თქვა კობახიძემ.
ღონისძიების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა აქცია გამართეს ბერლინში. მათ მიმართეს კობახიძეს, რომ ბერლინიდან არა თბილისში, არამედ მოსკოვში გაფრინდეს, რადგან თვლიან, რომ საქართველო ამჟამინდელი პოლიტიკით შორდება ევროკავშირს და უახლოვდევა რუსეთს.


