
შაჰინი: NDI და IRI აცხადებენ, რომ ამ კანონის ფარგლებში, ისინი საქართველოში საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ, დაწესდება სანქციები
21/06/2024 06:26:35 ციტატა
“ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, ჩვენივე ეროვნულ დემოკრატიულ ინსიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI), რომლებმაც ასეთი კარგი საქმე გააკეთეს საქართველოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ამ კანონის ["აგენტებს კანონის"] ფარგლებში, ისინი ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ასე, რომ [ჩვენს მიერ წარდგენილი კანონპროექტით] დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში",- ამის შესახებ, "ამერიკის ხმის" ცნობით, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.
ცნობისთვის: ჯინ შაჰინი იმ საკანონმდებლო ინიციატივის სპონსორია, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ყველა იმ ინდივიდუალური პირის მიმართ, რომელთა მიერ გადადგმული ნაბიჯები, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზას აშორებს. საკანონმდებლო ინიციატივას სახელად „ქართველი ხალხის“ აქტი, ამ დროისთვის ექვსი სენატორი აწერს ხელს. მათ შორის არიან: სენატორი ჯიმ რიში რესპუბლიკური პარტიიდან; სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიული პარტიის წევრი ბენ კარდინი; სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან პიტ რიკეტსი; სენატორი ლინდსი გრემი რესპუბლიკური პარტიიდან; სენატორი კრის კუნსი დემოკრატიული პარტიიდან და სენატორი რიჩარდ დურბილი დემოკრატიული პარტიიდან.