Accentnews.ge
პრემიერი აშშ–სა და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩებს შეხვდა: "მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე"

პრემიერი აშშ–სა და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩებს შეხვდა: "მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე"

20/06/2024 17:53:24 პოლიტიკა

"შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოზიციების წარმოჩენის კუთხით.

„შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე და ბუნებრივია, გვქონდა საუბარი ყველა შესაბამის თემაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

თავის მხრივ, დიპლომატებთან შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ "ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც აქვს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით".

"გერმანია არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ქვეყანა. ჩვენ ძალიან ძლიერი მხარდაჭერის მობილიზება შევძელით ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნებიდან, გერმანია იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მათგანი. ჩვენ შარშან ელჩების კონფერენცია ჩავატარეთ ბერლინში, სადაც ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადავდგათ მომავალში ევროინტეგრაციის წარმატებით განხორციელების საქმეში. წელსაც გაგრძელდა ეს ტრადიცია, სიმბოლური ჟესტიც არის ჩვენი მხრიდან მსგავსი ტიპის კონსულტაციები ქართველ ელჩებთან სწორედ ბერლინში. მოხარული ვართ, რომ წლევანდელი ღონისძიება სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით ჩატარდა. ჩვენ ტრადიციულად ვსაუბრობთ იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცალსახაა. გვინდა, რომ თითოეული ელჩი, რომელიც მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში ევროპაში, იყოს სრულად ინფორმირებული იმ საკითხების შესახებ, რომლებიც არის ქვეყანაში, რომელი გამოწვევებიც აქვს ქვეყანას და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ, ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობებად და გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ ამ მიმართულებით. ელჩებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრს დაუსვან კითხვები, მიიღონ პასუხები და ეს არის ძალიან ჯანსაღი, ღია დისკუსია, რომელიც ჩვენი ტრადიციის გაგრძელებაა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის ქვეყნებში საქართველოს ელჩების გარდა, ამბასადორიალში ევროკავშირსა და ნატო–ში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "აგენტების კანონის" მიღების გამო დასავლელ პარტნიორებთან ურთოერთობები დაეძაბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S