
ბათუმში აქცია სახელწოდებით "გვახსოვდეს გავრილოვის ღამე!" გაიმართა
20/06/2024 15:41:08 საზოგადოება
"გვახსოვდეს გავრილოვის ღამე!" - ამ სახელწოდებით აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "დაფიონია". ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდები ამბობენ, რომ "მათი მიზანია, შეახსენონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყნის რუსიფიკაციას არ შეეგუებიან".
პარალელურად, მოძრაობა "დაფიონის" ორგანიზებით, აქცია მიმდინარეობს თბილისში, პარლამენტის შენობასთან.
ცნობისთვის: სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია. სწორედ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ აკრძალა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა. 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „კომუნისტი" დეპუტატი სერგეი გავრილოვი. 19 ივნისს დილით მან სხდომის წასაყვანად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. აქცია ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა.