Accentnews.ge
სოფლის მეურნეობის მინისტრი: „წელს ველოდებით კარგ მოსავალს ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ“

სოფლის მეურნეობის მინისტრი: „წელს ველოდებით კარგ მოსავალს ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ“

20/06/2024 08:04:55 საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ „წელს კარგ მოსავალს ელოდება ყველა ძირითად კულტურაში". ამის შესახებ მან ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბზვანში განაცხადა, სადაც კომპანიის „ქართული დაფნა“ გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო.

„დაფნის გაშენებაზე მზარდია მოთხოვნა, რადგან გაზრდილია მოთხოვნა ექსპორტის მიმართულებით. მიმდინარე წელს, 5 თვის განმავლობაში, უკვე განხორციელებულია 20 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც რეკორდული მაჩვენებელია; ექსპორტის დიდი წილი ჩინეთის ბაზარზე მოდის. მთლიანობაში, წელს ველოდებით კარგ მოსავალს, ფაქტობრივად, ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ. ვფიქრობ, წარმატებული წელი გვექნება; რა თქმა უნდა, ჩვენ ფერმერების გვერდით ვართ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

როგორც იმერეთის მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბევრ წარმატებულ საწარმოსა და მეურნეობას შეუწყო ხელი სახელმწიფო პროგრამებმა დაფინანსების კუთხით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპანიას „ქართული დაფნა“ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს გრანტი 570,000 ლარის ოდენობით. საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული. სეზონურად დაახლოებით 200 ტონა მშრალი დაფნა მზადდება. კომპანია პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მასშტაბით, დაფნის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 6 მლნ ლარს აღემატება, სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 126 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 269 საწარმოს შექმნა.

შეგახსნებთ, რომ 9 ივნისს იმერეთში მომხდარმა სტიქიამ საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას მოსავალი თითქმის სრულად გაუნადგურა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S