
"გვახსოვდეს გავრილოვის ღამე!" – თბილისსა და ბათუმში აქციები დაანონსდა
20/06/2024 06:18:11 საზოგადოება
"გვახსოვდეს გავრილოვის ღამე! ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!" - ამ სახელწოდებით დღეს თბილისსა და ბათუმში 19:00 საათზე აქციები დაანონსდა.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "დაფიონია". მისი ცნობით, აქცია თბილისში პარლამენტის წინ, ბათუმში კი ევროპის მოედანზე ჩატარდება:
"ვფიქრობთ, რომ 20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას.
2019 წლის 20 ივნისს "ქართულმა ოცნებამ" პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა... (“ქართული ოცნება” მოსვლის დღიდან ღალატობს ქართულ ევროვნულ იდეებს)
20 ივნისი, 19:00, პარლამენტის წინ".
ცნობისთვის: სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია. სწორედ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ აკრძალა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა. 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „კომუნისტი" დეპუტატი სერგეი გავრილოვი. 19 ივნისს დილით მან სხდომის წასაყვანად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. აქცია ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა.