
კალაძემ "Rolex"-ს 62 490 ევროს ღირებულების საათი დაუკვეთა
19/06/2024 12:33:06 საზოგადოება
კახა კალაძემ "Rolex"-ს 62 490 ევროს ღირებულების საათი დაუკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შემსრულებელი კომპანია ავრცელებს. საკოლექციო მოდელი სულ 17 ერთეული დამზადდა.
საათი საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი.
ციფერბლატის წითელ ფონზე გამოსახულია სახელწოდება KALA. კომპანიის ცნობით, კალაძემ მოითხოვა, რომ საათი ასახავდეს მის ცხოვრებაში მიღწეულ უმაღლეს ეტაპს - ჩემპიონთა ლიგის მოგებას.
„მიხარია, რომ ცნობილ კომპანია DiW-თან შედგა კოლაბორაცია და შეიქმნა საათი, რომლის დიზანის შერჩევაში თვითონ მივიღე მონაწილეობა. მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანის“ ფეხბურთელი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, როგორც ფეხბურთელმა, ჩემი საქართველოს დამსახურებაა. „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების დროსაც მე ვიყავი ქართველი. სწორედ ეს არის ასახული ამ საკოლექციო მოდელში“, - განაცხადა კახა კალაძემ.