
სახალხო დამცველი: მიმდინარე წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე გასულ წელს
19/06/2024 09:09:21 საზოგადოება
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიში „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ წარადგინა. მართალია, დოკუმენტი გასულ წელს ეხება, თუმცა ლევან იოსელიანი მოხსენებაში შეეხო 2024 წელს ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დაკავებასა და მათზე ფიზიკურ ძალადობას.
"აგენტების კანონზე" საუბრისას მან თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ ფრომით კანონი ძალაში არ უნდა შესულიყო.
"2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა, ამ წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, 2024 წელს, 2023 წელთან განსხვავებით, ჩემ მიერ მონახულებული ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს, რომ 2024 წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების საწინააღმდეგოდ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა.
2024 საქართველოს პარლამენტმა მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია და კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება, გახდეს. სახალხო დამცველი 2024 წელს, ისევე როგორ 2023 წელს მოუწოდებდა პარლამენტს უარი ეთქვა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" ასეთი ფორმით მიღებაზე, რამდენადაც კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის გზით", - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის: 2024 წლის აპრილ-მაისში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 193 - ადმინისტრაციული კოდექსით, ხოლო ცხრას გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. დაკავებულების თითქმის ნახევარი, სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.