Accentnews.ge
ელჩი: მთელი დახმარება რისკის ქვეშ დგას, ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება, მაგრამ ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს

ელჩი: მთელი დახმარება რისკის ქვეშ დგას, ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება, მაგრამ ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს

18/06/2024 14:41:32 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, ამერიკის მხრიდან საქართველოს დახმარება რისკის ქვეშ დგას. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, აშშ–ის არ სურს შეზღუდვების დაწესება, თუმცა "ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განიხილავს".

კთხვაზე, "სამხედრო თანამშრომლობა შეწყდება? ამერიკული ორგანიზაციები შეწყვეტენ მუშაობას საქართველოში? ფინანსური დახმარება ნულზე დავა?", ელჩმა შემდეგი განაცხადა:

"ნება მომეცით კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ იმედი მაქვს, რომ ამ წერტილამდე არ მივალთ. უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, რომ იმედი აქვთ ჩვენი ურთიერთობის ძველ რელსებზე დაბრუნების. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოები ვიყავით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავს ურთიერთობებს სრულად, კონკრეტული თანამშრომლობიდან დაწყებული, მათ შორის მხარდაჭერას ყველა სააგენტოს გავლით. ევროკავშირმა წარმოადგინა ძალიან საინტერესო სტატისტიკა ინფოგრაფიკაში, რომელიც აჩვენებს, რომ ევროკავშირის დახმარების ტოპ ათი მიმღები ხელისუფლების სამინისტროები ან სააგენტოებია, იმავენაირად ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების დიდი ნაწილი მიდის ან პირდაპირ ხელისუფლების სამინისტროების მხარდასაჭერად ან ხელისუფლების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით, ჩვენ ვეხმარებით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახებს, ვეხმარებით საავადმყოფოების თანამშრომლებს, დახმარებას ვუწევთ სკოლებს უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, დავეხმარეთ სასაზღვრო დაცვის შექმნაში, გაწვრთნასა და აღჭურვაში, ჩვენ დავეხმარეთ საირიგაციო სისტემის შექმნაში. ეს არის პარტნიორობის უდიდესი ქსელი, რომელიც ამ ქვეყანაში შევქმენით და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ძალიან მკაფიო იყო, რომ სამწუხაროდ, მთელი ეს დახმარება რისკის ქვეშ დგას. ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება, მაგრამ ასევე ნათლად აღვნიშნეთ, რომ ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს".

ცნობისთვის: "აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S