
სემეკი: წყალის პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა
18/06/2024 11:33:45 საზოგადოება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია აცხადებს, რომ თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია.
"გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან სმს შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ.
გეგმური სამუშაოები განახლდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან პრობლემის დასაფიქსირებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შემდეგ ნომერზე: 16 216", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს სოფელ წიწამურთან დაზიანდა წყასადენი რომელიც ვაკე-საბურთალოსა და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას ამარაგებს. ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალმომარაგება პერიოდულად შეზღუდული ექნება 63,351 აბონენტს, რომელთაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსების გზით მიაწვდის. დღის განმავლობაში წყლის მიწოდების ვადები სხვადასხვა არეალში სხვადასხვა დროით განისაზღვრა.