
"სამუშაოები ხვალ დაიწყება, რამდენიმე დღესთან იქნება კავშირში" – როდის აღდგება წყალმომარაგება
17/06/2024 13:52:52 საზოგადოება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ (GWP) ვერ აკონკრეტებენ, როდის აღუდგებათ წყლის მიწოდება აბონენტებს.
კომპანიის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ თქვა, რომ წიწამურთან მომხდარი დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები ხვალ დაიწყება, რაც რამდენიმე დღეს გასტანს.
მისი თქმით, ვადებთან დაკავშირებით კომპანია დამატებით ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს:
„გარდა იმისა, რომ ჩვენ გარკვეული ღონისძიებები გავატარეთ, მოკვლევა გავაკეთეთ, იდენტიფიცირებული გვყავს კონტრაქტორი და სამუშაოებს ძალიან მალე დავიწყებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დრო, დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. ეს რამდენიმე დღესთან იქნება კავშირში და არ იქნება ხანგრძლივი პერიოდი, თუმცა მას შემდეგ, რაც დაიწყება უშუალოდ სამუშაოების წარმოება, უფრო ნათელი იქნება სურათი. ხვალიდან უკვე სამუშაოები დაწყებული იქნება“.
მისივე თქმით, სამუშაოების დასრულებამდე, ხვალ დილიდან, მომხმარებლებს გარკვეული რეჟიმით ექნებათ წყალმომარაგება, რის შესახებაც წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას. ამასთან, კომპანია მოქალაქეებს წყალს ცისტერნებით მიაწვდის:
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუშაოების წარმოების განმავლობაში მომხმარებლებს აბსოლუტურად წყლის გარეშე ვტოვებთ. უკვე ჩვენს ქსელში ჩავატარეთ სამუშაოები, რაც იმას გულისხმობს, რომ ის დეფიციტი, რომელიც წარმოშვა დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის მიუწოდებლობამ ეს უკვე დავაბალანსეთ. დაახლოებით 30% უკვე სხვადასხვა რესურსების ალოკაცია მოვახდინეთ. ხვალ დილიდან ჩაირთვება რეჟიმი ამ მომხმარებლებთან მიმართებით, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ 3-საათიან და მაქსიმუმ 7-საათიანს. მობილიზებული გვყავს 15 ერთეული ცისტერნა, რომელიც სხვადასხვა ლოკაციეაბზე იქნება განთავსებული“.
16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. კომპანიის განცხადებით, დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. კომპანიის განმარტებით, ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. GWP-ისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა.