პრეზიდენტი: პარლამენტის წევრები ახალისებენ ძალადობას, ეს არის რუსული სტილის პოლიტიკა
14/06/2024 16:09:52 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შშმ პირების უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ძალადობრივ გარემოზე ისაუბრა, თქვა, რომ მას დეპუტატები ახალისებენ და რომ ეს რუსული პოლიტიკაა:
"დღეს არის 14 ივნისი, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ადამიანის უფლებები არის ერთი. არ შეიძლება, რომ ვილაპარაკოთ ერთ კატეგორიაზე და არა ზოგადად ადამიანის უფლებებზე და ამიტომ მინდა, რომ ვისარგებლო ამ დღით და გავაკეთო განცხადება იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში და რაც არის მიუღებელი ჩემთვის და თქვენთვისაც, რასაც ჰქვია ძალადობა. ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ. საზოგადოება არ არსებობს, სადაც არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება თავისუფლად, ისე რომ არ შეგეშინდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ერთგვარად ეს იქცა როგორც პოლიტიკა და მე სხვა დახასიათება არ შემიძლია ამ ქმედებების, თუ არა რუსული სტილის პოლიტიკა. ასეა რუსეთში, ასე გრძელდება წლების მანძილზე საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ევროპული ქმედებები, ეს არ არის ქართულ ქმედებები და ასე მგონია, რომ ვერანაირად ქართველი ვერ გაამართლებს ამას",– თქვა აღნიშნა პრეზიდენტმა.
ბექა პაპაშვილს, რომელმაც "ქართული ოცნების" დეპუტატს ბექა ოდიშარიას "რუსი მონა" დაუძახა, 3 ადამიანი დაესხა თავს. პაპაშვილის თქმით, მას ზურგისა და თავის არეში აქვს დაზიანებები მიღებული. მანამდე იყო კრიტიკულად განწყობილ აქტივისტებზე თავდასხმის არაერთი ფაქტი, თუმცა არც ერთ შემთხვევაზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული, ისევე როგორც არც ერთი პოლიციელი, რომელთაც პროტესტის დროს იძალადეს მოქალაქეებზე.
„აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში „მოღალატეებს“ და „მონებს“ უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს. მმართველ გუნდში ამ აქტივობას "ბულინგს და "ტერორს" უწოდებენ.


