
რუსეთში ნავთობის კიდევ ერთ ბაზას შეუტიეს დრონებით
14/06/2024 06:05:18 მსოფლიო
რუსეთში დრონებით თავდასხმა ნავთობის კიდევ ერთ ბაზაზე განხორციელდა.
"რამდენიმე დრონმა უმნიშვნელოდ დააზიანა ვორონეჟის ოლქში, ლისკინსკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზის რეზერვუარები.მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", – დაწერა ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა ტელეგრამ–არხზე დღეს დილით.
ვორონეჟის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით ხშირად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ბაზებს და სამხედრო ობიექტებს.
მხოლოდ 2024 წლის გაზაფხულზე რამდენიმე იერიში განხორციელდა, მათ შორის, ქალაქ ვორონეჟის სამხედრო აეროდრომსა და ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბუტურლინოვკაში მდებარე საავიაციო ბაზაზე.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინას კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.