
საქართველოში MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა
12/06/2024 08:27:14 საზოგადოება
Black Sea Arena ფეისბუქ–გვერდზე ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმად, ჯგუფის MASSIVE ATTACK-ის 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გაუქმებულია. განცხადებაში კონცერტის გაუქმების მიზეზი არაა ახსნილი, მხოლოდ ის წერია, რომ ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად.
25 აპრილს ჯგუფს ქართველი ხალხის სახელით მოძრაობა "სირცხვილიამ" მიმართა და MASSIVE ATTACK-ს მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ "საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას" და განსჯის საფუძველზე გადადგან საპასუხო ნაბიჯი. მოძრაობის მიერ გავრცელებულ მიმართვის ტექსტში საუბარი იყო "ოლიგარქიულ მმართველობაზე", "აგენტების კანონზე", საკონსტიტუციო ცვლილებაზე - "ანტი-ლგბტ კანონზე", "ოფშორების კანონსა" და "ძალადობრივ რეპრესიებზე".
ბრიტანული ჯგუფის MASSIVE ATTACK კონცერტი 28 ივლისს 21:00 საათზე შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე იყო დაგეგმილი. ჯგუფი მთავრობის მხარდაჭერილი კამპანიის Starring Georgia ფარგლებში უნდა ჩამოსულიყო.
განახლება
მოგვიანებით, MASSIVE ATTAK–მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონცერტი "საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანების უფლებებზე თავდასხმის გამო გააუქმეს":
- "ამ მომენტისთვის კონცერტის ჩატარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე შესაძლოა, ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტებისა და საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მხარდაჭერად. ცემა, დაკავება, დაშინება და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტების და ოპონენტების წინააღმდეგ, კანონებთან ერთად, რომლებიც ჩირქს სცხებენ სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს LGBTI უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა შეისმინონ და მათი ბრძოლა უნდა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად ვიმღერებთ თავისუფლებაში".