პრეზიდენტი – ახალგაზრდებს: "თქვენ შეძელით, მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება, ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული"
11/06/2024 18:08:23 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ''აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა "შეძლეს, მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება, ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული". ამის შესახებ მან ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხნის მერე შესაძლებლობა მეძლევა, ყველას გითხრათ მადლობა. ეს არის ჩემი სურვილი და მოვალეობა, რომ მადლობა გამოვხატოთ იმისთვის, რაც ახალგაზრდებმა გააკეთეთ თქვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის პატარა რამ. თქვენ შეძელით და მოგვეცით ახალი იმედი. დაგვანახეთ ჩვენი თავი სხვანაირად, რომ თურმე ამ ქვეყანას ჰყოლია ძალიან ცოცხალი, შეგნებული, ღირსეული ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა, რომელმაც იცის რა ელის ქვეყანას, რა დღეშია ქვეყანა და რა გადაწყვეტილება აქვს ქვეყანას მისაღები და იცის თვითონ, როგორი მომავალი უნდა თავისი ქვეყნისთვის. ჩვენ არ ვიცოდით, რომ თქვენ ასე ღრმად ფიქრობდით სამშობლოზე. ეს არა მხოლოდ ჩვენ დაგვანახეთ, თქვენ ეს დაანახეთ მსოფლიოს. [...] ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიოდნენ ყოველდღე იმისათვის, რომ უნდათ ევროპული მომავალი და არა რუსული, ან რუსულ ყაიდაზე გადაყვანილი საქართველოს მომავალი. თქვენ შეძელით , კრეატიულობით, თქვენ ქართველობით, სილაღით , ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რა საქმე, ჩვენ ვერ დავამარცხეთ „რუსული კანონო“ - თქვენ უკვე გაიმარჯვეთ და გამარჯვებული დადიხართ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


