ირაკლი კობახიძე: არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის
11/06/2024 14:33:19 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, "არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის და ხალხისთვის". ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.
„სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ეს ასევე არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი გადაიხედება. ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემხვედრი ნაბიჯებიც ვიხილოთ ამ მიმართულებით როგორც ამერიკელი პარტნიორებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებისგან. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. ყველას მოვუწოდებ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმისკენ და სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამოვლინებისკენ ჩვენი ხალხის მიმართ", - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: 24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. 6 ვინისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.


