!["ვიქტორ ჯაფარიძემ სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა" – მოქალაქე აეროპორტში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/de_KHrXugs.jpg)
"ვიქტორ ჯაფარიძემ სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა" – მოქალაქე აეროპორტში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს [ვიდეო]
10/06/2024 13:53:39 საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის და "ხალხის ძალის" წევრს, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მოქალაქის პოზიციის მოსმენა ამჯერად აეროპორტში მოუხდა.
მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილი ამ კომუნიკაციის ამსახველ კადრებს აქვეყნებს და ამბობს, ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ დააკავეს.
84-დან ერთ-ერთმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სიმართლე კიდევ ერთხელ მოისმინა. ამჯერად მე ვუთხარი, რომ რუსული კანონით მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი დაასამარეს და ამის გამო უნდა რცხვენოდეთ.ვიქტორ ჯაფარიძე, ერთი მხრივ, თურმე მედგრად ეწინააღმდეგება გლობალური ომის პარტიას, რომლის ზეწოლასაც ვერ უძლებს ამერიკა, NATO და ევროკავშირი, თუმცა, მას როგორც ჩანს, არ შეუძლია მოქალაქისგან საწინააღმდეგო აზრისა და კრიტიკის მოსმენა",– წერს მოქალაქე.
ამასთან, ის ამბობს, რომ მალევე პოლიციამ მას და მის თანამგზავრს პასპორტები ჩამოართვა და "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის" დააკავა:
„ინციდენტის“ ამოწურვიდან მალევე, გამომეცხადა პოლიცია. მე და Irina-ს ჩამოგვართვეს პასპორტები და ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა უწყების შავებში ჩაცმული წარმომადგენლები ერთი-მეორეს მიყოლებით მხოლოდ ჩვენი სამუშაო ადგილით ინტერესდებოდნენ. საბოლოოდ, მე გამომიცხადეს, რომ 166-ე მუხლით, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ საბაბით, როგორც „წვრილმანი ხულიგანი“ დამაპატიმრეს, ირინას გამოუცხადეს, რომ გადაწყვეტილი იყო, ბორტზე არ აუშვებდნენ და გასაფრენი დარბაზი დაატოვებინეს. ჩემი სასამართლო მალევე გაიმართა, თუმცა, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით პროცესი 19 ივნისამდე გადაიდო.პოლიცია, ალბათ, ეძებს იმ ადამიანებს, ვისი სიმშვიდეც „დაირღვა“.ვიდეო ინციდენტის ერთი მონაკვეთია, თუმცა, მასში ასახულია მომენტი, სადაც დეპუტატი ჩემს რეპლიკას, რომ ვარ ემიგრანტი დედის, ეთნიკურად ოსის შვილი და ასევე საქართველოს ამაყი მოქალაქე, პასუხობს სიტყვით „გეტყობა“.
არა რუსულ კანონს! წინ ევროპისკენ!"