
ხვალ პრემიერის ლექციის პარალელურად, თსუ-სთან აქცია სახელწოდებით "დავხვდეთ კობახიძეს" გაიმართება
07/06/2024 17:29:27 მსოფლიო
ხვალ პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია სახელწოდებით "დავხვდეთ კობახიძეს" გაიმართება.
აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” წევრი ნიკო მანაგაძეა, რომელსაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან თავს დაესხნენ.
"შაბათს, დილის 9 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ის II კორპუსის წინ, სადაც მოსვლას აპირებს პრემიერად წოდებული მხდალი კაცი.
“ლექტორი”, რომლის ლექციებსაც ფაქტობრივად მხოლოდ მის მიერ მიყვანილი პარტიის ახალგაზრდული ესწრება და “კაცი”, რომელიც უნივერსიტეტში მუდმივად ზონდერებით დადის, მათი მეშვეობით ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმებს აწყობს აკადემიურ სივრცეში კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ. “პრემიერი”, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს რუსეთიზაციისა და დეევროპიზაციის პოლიტიკის, სასტიკი დარბევების, ტერორის და რეპრესიების.
მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ყველა - არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა სტუდენტი. ეს პროტესტი ყველა თაობისაა. მიუხედავად ადრიანი დილისა, ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, პროტესტი გამოხატო ამ სუბიექტის პირისპირ, რადგან უნივერსიტეტში შესვლა შენობის წინა, ჭავჭავაძის ქუჩის მხრიდან უწევს.
გელოდებით ყველას შესაბამისი სააქციო ატრიბუტიკით.
წინა შემთხვევები, როცა ტიტუშკების საშუალებით შეძლო გასწორებოდა ჩვენს თანამებრძოლებს, აჩვენებს ჩვენი სიმრავლის მნიშვნელობას! ამიტომ გელოდებით ყველას!", – ნათქვამია აქცის ორგანიზატორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიკო მანაგაძის ორგანიზებით მსგავსი ტიპის აქციები თსუ–სთან მანამდეც გაიმართა. სტუდენტები ამ ფორმით "აგენტების კანონს" აპროტესტებენ.