ლატვიის პრეზიდენტი: საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
07/06/2024 09:04:47 პოლიტიკა
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა და მოითხოვა "მკაფიო და გაბედული გზავნილები ქვეყანასა და რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელშესაწყობად".
ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე "Riga StratCom Dialogue" სიტყვით გამოსვლისას რინკევიჩმა განაცხადა, რომ "ქართულ საზოგადოებაში გამართლებული უკმაყოფილება არსებობს ევროინტეგრაციის პროცესის სინელის გამო, რომელმაც დაპირებული შედეგები ვერ მოიტანა".
მან შეშფოთება გამოთქვა "საქართველოში რუსეთის მზარდი გავლენის გამო, რომელიც ხელშეწყობილია სტრატეგიულ-საკომუნიკაციო და შესაძლო ფინანსური ოპერაციებით" და განაცხადა, რომ "საქართველოში შექმნილი ვითარება ევროკავშირისგან სწრაფ და ხისტ მოქმედებას მოითხოვს".
რინკევიჩმა მოუწოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, "ყურად იღოს ქართული საზოგადოების სურვილები, წინააღმდეგობა გაუწიოს გარე გავლენას, რომელმაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეიძლება, შეაფერხოს" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ლატვია საქართველოს მხარდაჭერას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპები იქნება დაცული".
"2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე საერთაშორისო პასუხი აშკარად არასაკმარისი იყო. თუ დღეს შეცდომებს გავიმეორებთ, თუ ძალზე მკაფიო, გაბედულ გზავნილებს არ გავაჟღერებთ და კვლავ შეშფოთების გამოთქმით შემოვიფარგლებით, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება. ამდენად, ვფიქრობ, მოქმედების დროა, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერების საკითხის განხილვის ჩათვლით" - დასძინა მან.


