Accentnews.ge
კალაძე, რომელიც ამტკიცებდა, რომ სანქციები არ იქნებოდა: "არასერიოზული და ღიმილისმომგვრელია, რაც ხდება"

კალაძე, რომელიც ამტკიცებდა, რომ სანქციები არ იქნებოდა: "არასერიოზული და ღიმილისმომგვრელია, რაც ხდება"

07/06/2024 08:48:41 პოლიტიკა

არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას,– აცხადებს საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ გენმდივანი კახა კალაძე და განაგრძობს, „არავის ეშინია ამ სანქციების, ეს უკვე ვთქვით“. მანამდე ის ამტკიცებდა, „არანაირი სანქციები არ იქნებაო“.

„არასერიოზული და ღიმილისმომგვრელია, რაც ხდება... ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს, გვინდა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება“,– ამტკიცებს კალაძე ვიზების ანულირებაზე შეტყობინებეთან დაკავშირებით.

გუშინ ის აცხადებდა, რომ აშშ– საქართველოს "ურთიერთობები უნდა გადაიხედოს", "სტრატეგიული პარტნიორობა ამ ფორმით უბრალოდ შეუძლებელიაო", დღეს "გადატვირთვაზე" საუბრობს:

"გუშინაც ვთქვი, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთოსბების გადატვირთვა მოხდეს და იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის".

დამაზუსტებელ კითხვებს კითხვითვე პასუხობს, "შეგიძლიათ მითხრათ ერთი მიზეზი, რატომაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები უნდა იყვნენ დასანქცირებულები?"

"ღიმილისმომგვრელია სანქციებზე საუბარი[...] ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენთვის მთავარია მშვიდობის შენარჩუნება და ვინც არ უნდა იყოს, არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც დღეს სამწუხაროდ ხდება უკრაინაში. ბოლომდე დავდგებით და დავიცავთ ქვეყნის ინტერესს".

მან მხოლოდ გამგზავრების პრობლემას დაუკავშირა სანქციები: "ვიღაცისთვის სადღაც წასვლა ან არწასვლა შესაძლოა, პრობლემას წარმოადგენდეს. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ქვეყანაზე და სამშობლოზეა საუბარი".

მას შეახსენეს, რომ აშშ საუბრობს ურთიერთობების ყოვლისმომცველ გადახედვაზე, ხოლო კალაძე საპასუხოდ შეუდგა მტკიცებას, თითქოს ამერიკული დახმარების 80% მიდის „ამერიკის აგენტურის დაფინანსებაში“.

მნიშვნელოვანი: მოხსენებაში, რომლითაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე 28 ივნისს უნდა წარდგეს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს დახმარების არაერთი ფაქტია აღრიცხული განსხვავებით რიტორიკისგან, რომელსაც მმართველი გუნდი აქტიურად იყენებს განსაკუთრებით, "აგენტების კანონის" ინიციირების შემდეგ. ანგარიში მოიცავს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს.

კერძოდ, ანგარიშში თავდაცვის ნაწილში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხაზით, 2023-2024 წლებში გაგრძელდა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაცია და „აქტიურად მიმდინარეობდა შეიარაღების/აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი“.

2023 წელს, საქართველომ აშშ-სგან მიიღო:

  • საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) - 35 მილიონი დოლარი;აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 333-ე პარაგრაფის ფარგლებში - 37 მილიონი დოლარი.
  • 2024 წლის სავარაუდო გეგმაა, ჯამში, კიდევ 55 მილიონი დოლარის მიღება.
  • „მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), რომელიც 2024 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს;
  • მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით“, - წერია ტექსტში.
  • თავდაცვის სფეროს მიმართულებით ხაზგასმულია საქართველოსთვის სხვა ქვეყნების მიერ გამოყოფილი დახმარებაც:
  • შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოყო 18,000 ევრო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის ინგლისური ენის კურსების ჩასატარებლად;
  • დანიის მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამით, დანიურმა მხარემ JTEC-ს გადასცა 403 000 აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკა;
  • 2019 წელს თურქეთთან ხელმოწერილი 100-მილიონიანი გრანტით, საანგარიშო პერიოდში, გამოიყო 6 მლნ ლირა (210,000 დოლარი), რომლითაც სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა შეიძინეს;
  • 2024 წელს თურქეთის რესპუბლიკა 10 მილიონ ლირას, ხოლო დანიის სამეფო − 198,897 ევროს გამოყოფს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები – სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.

საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა "აგენტების კანონი" მიუხედავად მასშტაბური პროტესტისა ადგილობრივ დონეზე და არაერთი გაფრთხილებისა პარტნიორების მხრიდან შედეგების თაობაზე.

ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ, დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S