შაჰინი – აშშ–ის სანქციებზე: ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის
07/06/2024 07:53:00 პოლიტიკა
"ქართველი ხალხის აქტის" თანაავტორი, ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მიესალმება.
როგორც სენატორი სოციალურ ქსელში წერს, "ქართველი ხალხის აქტი" ამ სავიზო შეზღუდვებს მუდმივს გახდის.
"მივესალმები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზე. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, რაც ცხადყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი“, - წერს ჯინ შაჰინი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალურ სანქციები – სავიზო აკრძალვები დაუწესა „ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცველებს და სხვა კერძო პირებს.
საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა "აგენტების კანონი" მიუხედავად მასშტაბური პროტესტისა ადგილობრივ დონეზე და არაერთი გაფრთხილებისა პარტნიორების მხრიდან შედეგების თაობაზე.
ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ, დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.


