წულუკიანი - აშშ-ის სანქციებზე: უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შეცდომის შემდეგ სხვა შეცდომებიც იქნება
06/06/2024 19:37:26 პოლიტიკა
კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანმა გააკეთა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან პირველი კომენტარი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სანქციების პირველ პაკეტზე.
მან „იმედის“ ეთერში „შეცდომა“ უწოდა გადაწყვეტილებას და ვარაუდობს, რომ „კიდევ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული“.
წულუკიანი ირწმუნება, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია და, რომ ხელისუფლებას მეგობრობაზე უარი არასდროს უთქვამს.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მორიგი შეცდომა, რასაც მათდა და ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთოებაში. ალბათ, უნდა ვივიარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის შემდეგ, კიდევ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული, ალბათ, იმედი გვაქვს რომ არა, მაგრამ დინამიკა ამას მე პირადად მავარაუდებინებს და ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ასეთ დროს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში დადგეს დღე, როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა და ურთიერთობების გადატვირთვა - ამიტომ არის შეცდომა. იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აშშ-ს ძალიან სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს. ჩვენ დაველოდებით ამ დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიყავით და ვართ, არასდროს გვითქვამს აშშ-სთან მეგობრობაზე უარი და ვფიქრობ მეტიც, ჩვენ, ამ მთავრობას ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ მტრულ აქტში, რომელსაც „Megobari აქტი“ დაარქვეს, თქვენ ნახავ მთელ ტექსტში არის ერთადერთი სიტყვა, რომელიც თითქმის ყველა ხაზზე მეორდება - "ეს მთავრობა" [This Government]. რეალურად, ეს მთავრობა არის ვიღაცისთვის პრობლემა და აი, ამ მთავრობას, რომლის წევრიც ვარ 12 წელია, არასდროს, არც ერთ დარგსა და სფეროში არ გადაუდგამს ამ სტრატეგიული პარტნიორობის საწინააღმდეგო ნაბიჯი, არც ტექნიკური, არც პოლიტიკური, არც მორალური, თუ ადმინისტრაციული, აღარაფერს ვამბობ სახმედროზე, როდესაც ჩვენ მრავალჯერ წლის განმავლობაში პატივს მივაგებთ იმ დაღუპულ სიცოცხლეებს, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩაიდო. ყველა დარგსა და სფეროში სტრატეგიული პარტნირობის ერთგულები ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით და მოთმინებით დაველოდებით იმ დღეს, როდესაც ჩვენი მეგობარუ გადაწყვეტს, რომ კვლავ მეგობრულად დაგველაპარაკოს, უარი თქვას რევოლუციების მოწყობის დაფინანსებაზე - იმ ჯგუფებმა, რომლებიც იმ ქვეყანაში არიან და ჩვენ ვიხილეთ გარკვეული მოსმენები კონგრესში, სადაც ქართველი ადამიანები მრავლად იყვნენ ვასალის როლში წარდგენილები და უმტკიცებდნენ უცხო ქვეყანაში უცხო ქვეყნის დეპუტატებს, რომ მათ უნდათ ამ მთავრობის დასჯა და ალბათ, მოგვეცემა შესაძლებლობა ამ ეთერში თუ არა, მერე უფრო ფართოდ განვიხილოთ, რატომ არის ეს მთავრობა პრობლემა“,– თქვა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათობით მოქალაქეს. საუბარია „ქართული ოცნების და პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცველებზე და კერძო პირებზე.
როგორც განიმარტა, ისინი „პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება“.
სახდეპში ხაზი გაუსვეს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და რომ ჯერ კიდევ არის დრო „შემობრუნებისთვის“.


