სახდეპმა საქართველოში "დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა
06/06/2024 18:13:45 პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა – ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს.
"შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია პარტია „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მისი ბოლოდროინდელი განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და მისი ხალხის სურვილებს. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში და აღნიშნული ქმედებების საპასუხოდ დეპარტამენტმა დააწესა ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიცა „იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის" 212(a)(3)(C) მუხლის შესაბამისად.დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ვუწესებთ სავიზო შეზღუდვებს ათობით ქართველ პირს. მათ შორის არიან პირები და მათი ოჯახის წევრები, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, როგორიცაა საქართველოს მთავრობის მითითებით მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შელახვა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობრივი თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება.სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებსა და კერძო პირებს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს თავიანთი ქვეყნის დიდი ხნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზადაა, განახორციელოს დამატებითი ქმედებები", – განაცხადა მილერმა.
კითხვაზე, რამდენი ათეული ადამიანია სანქცირებულთა შორის, იგი ზუსტ რიცხვს არ ასახელებს და ამბობს:
"ეს არის დაახლოებით 20-დან 30-მდე პირი და მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს პირველი ნაკადია".


