
"ვინ არის მანქურთიო" – ბაბაევი დაკავების დეტალებს იხსენებს
06/06/2024 15:40:30 საზოგადოება
ბიზნესმენი, სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი მისი დაკავების დეტალებს იხსენებს და ამბობს რომ პოლიციელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ.
ის ამბობს, რომ პროცესის მონაწილე პოლიციელებს იცნობს.
"მე ძალიან კარგად ვიცნობ რამდენიმეს – ვინც შეასრულა მაინც ეს რუსული დავალება. გამოიყენეს ძალადობა, გადმომათრიეს მანქანიდან, ჩამიმტვრიეს მინები (მიუხედავად იმისა, რომ კარებს ვუღებდი); ჩემით გადმოვდიოდი, მაგრამ გადმომათრიეს – არანაირი წინააღმდეგობა არ გავუწიე, ერთი ზედმეტი სიტყვა არ ვუთხარი – რომ მირტყამდნენ, არც შემიგინებია: ვიცოდი, რომ მაგათი კამერებიც ხომ იღებდა და ჩემიც იღებდა ყველაფერს და არ მინდოდა, რომ საბაბი მიმეცა, მერე ეთქვათ, "წინააღმდეგობა გაგვიწია და მაგიტომ ვცემეთო", რაც თქვეს სასამართლოზე...
დავინახე ყველაფერი, როგორ ჩადეს იარაღი. როგორ ამოიღეს იარაღი, არჩევდნენ ადგილს სად ჩაედოთ, ერთი იარაღი ეგრევე ქამრის უკან ჩამიჭედეს – ვიგრძენი კანით, რომ იარაღი იყო. მე მაგ დროს ბორკილები მეკეთა, დამაგდეს და ჩემზე ხტუნაობდნენ... ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მეგობარს უმოწყალოდ სცემეს პოლიციელებმა აქციაზე ამერიკის მოქალაქესთან ერთად და იქ მივაწერე კომენტარებში მანქურთები-მეთქი, ძალიან გავბრაზდი და ერთ-ერთი, ვინც მირტყამდა, ყვიროდა, "ვინ არის მანქურთიო, ჩვენ ვართ მანქურთებიო?!" - იხსენებს ბაბაევი "მთავარ არხთან".
ის ამბობს, რომ დააკავეს 9 საათზე, თუმცა განყოფილებაში 4 საათზე გადაიყვანეს, ამ პერიოდის განმავლობაში კი მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
მან მადლობა გადაუხადა მოსამართლე ლევან დარბაიძეს, რომელმაც 6 ივნისს ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებები უკანონოდ ცნო.
იხილეთ ასევე: რას გვეუბნება აქტივისტის მოსამართლე დარბაიძის მიერ "დაშლილი" საქმე