
" ანაკლიის პროექტში დასავლელი პარტნიორი პრიორიტეტულია"
09/01/2020 09:19:17 ეკონომიკა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გარდა, სხვა ინვესტორთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა და ახალი პარტნიორის მოძიებას კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურების შემდეგ დაიწყებენ.
„ჩვენ დღემდე არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება სხვა ინვესტორთან, გარდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“. სხვა ალტერნატიული ინვესტორების მოძიება მთავრობის მხრიდან არ მიმდინარეობდა იქამდე, სანამ ძალაში გვქონდა არსებული ხელშეკრულება. მხოლოდ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურების შემდეგ დავიწყებთ ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, თუმცა არ იქნება ძალიან დიდხანს. მოგეხსენებათ, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული იყო 2014 წელს, მას შემდეგ გავიდა ხუთი წელი და ბევრი ცვლილება განხორციელდა საინვესტიციო ხელშეკრულებაში, ასევე ის დათმობები, რაზეც სახელმწიფო წავიდა ამ პროცესში, ის ცვლილება, რასაც ბანკებთან ვართ შეთანხმებული, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინება უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს ხელახალი მომზადება საინვესტიციო პაკეტის, რასაც ალბათ რამდენიმე თვე დასჭირდება. მოვამზადებთ წინადადებას, გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში დასავლელი პარტნიორის ყოლა პრიორიტეტულია.
„რაც შეეხება პარტნიორს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველთვის იყო საინტერესო და ძალიან მიმზიდველი უშუალოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმშიც“ და გამარჯვებულად გამოვლენის მნიშვნელოვანი ფაქტორი მათ შორის იყო ამ კონსორციუმში ამერიკული კომპანიის წილის ფლობა. პრიორიტეტულია ამ პროექტში დასავლელი პარტნიორის ყოლა. სასურველია, ამასთან ერთად ერთად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინვესტორის ყოლა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ეკონომიკურ წარმატებას ამ პროექტის, არამედ მისი უსაფრთხოების კომპონენტის სრულად გამოყენებას. ამდენად, ჩვენთვის პირველ რიგში არის და იქნებოდა სასურველი ამერიკელი და დასავლელი ინვესტორი. ჩვენთვის, ბუნებრივია, ვერ იქნება მისაღები ისეთი ინვესტორი, რომელიც შეიძლება იყოს შეუთავსებელი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, როდესაც ვსაუბრობთ არა მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტზე, არამედ ობიექტზე, რომელიც განთავსებულია შავ ზღვაზე და უსაფრთხოების კომპონენტებით ხასიათდება. გამორიცხული იქნება ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების განზომილებაც“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.