
"მეტი უნდა გავაკეთოთ" – კონგრესში საქართველოსა და MEGOBARI Act-ზე იმსჯელეს
04/06/2024 20:02:51 პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობებს და "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ რიტორიკას.
„ქართული ოცნება” ომის დამნაშავე პუტინს და სხვა ავტოკრატებს ეხუტება, პუტინის მიერ მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ს ოკუპაციის, არალეგალურად დაპყრობისა, და გრძელი და სასტიკი საბჭოური კოლონიალური დამორჩილებისა და აგრესიის ისტორიის მიუხედავად. მმართველმა პარტიამ საერთო მიზანი იპოვა ომის დამნაშავე პუტინთან, რომელსაც ძალიან გაუხარდა „ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიებით სავსე ანტიდასავლური გადახვევისთვის მოეწერა ხელი",– თქვა კონგრესმენმა.
მისი თქმით, რუსეთის დაზვერვის აგენტების საქართველოში "დაუსჯელად ოპერირებენ. საქართველოს უშიშროების სამსახურები მოსახლეობის წინააღმდეგ მიიმართა, მაშინ როდესაც საქართველოს სუვერენიტეტი რუსეთის იმპერიას გადაეცა იაფფასიანი ძალაუფლებისა და მატერიალური მოგების სანაცვლოდ":
„ქართული ოცნება” ასევე აფართოებს კავშირებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. სწრაფად გადასცემს მათ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას ჩინეთის არმიასთან დაკავშირებულ კომპანიებს, რაც ამ დიქტატორული მოხვევის კიდევ ერთი ასპექტია".
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მა საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალზე ეს თავდასხმა უპასუხოდ არ უნდა დატოვოს" და თქვა, რომ სწორედ ამიტომ მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას ვიზის აკრძალვების შესახებ ყველა პირისთვის, რომელიც "ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას".
"თუმცა, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ",– თქვა კონგრესმენმა და დასძინა. "მიხარია MEGOBARI Act-ის ჩემს კოლეგებთან და საქართველოს მეგობრებთან ერთად გამოცხადება":
- "ეს კანონმდებლობა სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებსა და სახელმძღვანელოებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩართულნი არიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებში.
- ის ასევე შექმნის ანგარიშს, რომელშიც ხაზი გაესმება საქართველოში არსებული მავნე რუსული და ჩინური გავლენების დონეს, და იმას, ეს გავლენები მჭიდროდ როგორ გადაიჯაჭვა საქართველოს საკვანძო პირებთან.
- ის ასევე მოსთხოვს აშშ-ის ადმინისტრაციას სწრაფად შექმნას წინასაარჩევნო ოპერატიული ჯგუფი საქართველოში, რომელიც სასწრაფოდ იმუშავებს, რათა საქართველოს ოქტომბრის არჩევნებამდე დემოკრატიული გარემოს შენარჩუნებაში დაეხმაროს.
- დამატებით, MEGOBARI Act ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების უფრო ცოცხალ და პოზიტიურ ჩარჩოს. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი მოითხოვს გაფართოებულ სავაჭრო კავშირებს, ადამიანებს შორის უფრო გამარტივებულ კონტაქტებს და დახმარების პაკეტებს ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროებში მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა მისი ხალხის დიდი ხნის წინ გაკეთებულ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდება“.
მოსმენაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ და კითხვებს უპასუხეს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი ნატალი საბანაძე, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი.
ვანო ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ცხადია - ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია და ამ არჩევანს ისინი ხმამაღლა აფიქსირებენ ქუჩაში, ვაშინგტონში და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, მაგრამ ის არ ესმის მმართველ პარტიას, რომელიც „ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“ „კედელს აღმართავს საქართველოსა და დასავლეთს შორის“.
მან თქვა, რომ საქართველო გზაგასაყარზეა და „გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლების სვლას რუსეთის ორბიტისაკენ“. გამოსავლის კონტექსტში მან თქვა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს არჩენების მასობრივი გაყალბების შესაძლებლობა.
ნატალი საბანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმი სტალინის სახელმძღვანელოთი მოქმედებს – აგენტებად რაცხავს კრიტიკულ ხმებს და რომ "აგენტების კანონი" რეპრესიის იარაღია, რომელიც წინასაარჩევნოდ ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსპობას.
მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველებმა ეს ბრძოლა თავად უნდა იბრძოლონ, ამას "ვაკეთებთ კიდეც. მაგრამ, გვჭირდება მეგობრები. მათ, ვინც ჩვენს მშვიდობიან და დემოკრატიულ ნებას უგულებელყოფს და უარს გვეტყვის მომავალზე, რომელიც ჩვენი შვილებისათვის გვსურს, შედეგები უნდა მოიმკან“.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა შეუერთდა "ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს“.
ნატალი საბანაძე თვლის, რომ შემზღუდავი ზომები უნდა დაუწესდეთ პირებს, რომლებმაც საქართველოს "რუსეთის ნაცრისფერ ზონად ქცევად გადაწყვიტეს", მაგრამ არ უნდა დაზარალდეს.
მან ხაზი გაუსვა, რომ „ეს გლობალური ბრძოლის ნაწილია" და "თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ უნდა გაიყოს ახალი რკინის ფარდით", მოუწოდა, "დაგვეხმარეთ ჩვენს ბრძოლაში, კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ არასწორ მხარეს!“.
უილიამ კორტნიმ ისაუბრა საქართველოს–აშშ–ის მრავალწლიან თანამშრომლობაზე, ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა მუდამ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. “თითქმის ოცდაათი წელია, რაც აშშ-სა და საქართველოს ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობა გააჩნია. ახლა კი ამერიკამ განაცხადა ვიზების შეზღუდვის შესახებ მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ავიწროებს. ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუ “ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს" - განაცხადა უილიამ კორტნიმ და დასძინა, რომ ამერიკამ შეიძლება ახალი ინდივიდები დაამატოს “შავ სიას”, გაყინოს მათი აქტივები და აუკრძალოს ამერიკელებს მათთან ურთიერთობის დაჭერა.