Accentnews.ge
„ქართული ოცნება“ ლგბტ უფლებების შემზღუდავ ახალ კანონპროექტს აინიცირებს

„ქართული ოცნება“ ლგბტ უფლებების შემზღუდავ ახალ კანონპროექტს აინიცირებს

04/06/2024 08:19:20 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტების პაკეტი შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან -„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომელთა მეშვეობით ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.

პარლამენტის სპიკერმა მედიას გააცნო 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ძირითადი ასპექტები:

1. ქორწინების საკითხი. დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება - არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.

2. შვილად აყვანის საკითხები. დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ შვილის აყვანა, რომელიც თავის თავს განსხვავებული სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები.

3. სქესის შეცვლის ოპერაცია. აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ან სხვა სახის მანიპულაციის გამოყენება.

4. სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი. აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა სახის დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება

5. „პროპაგანდის აკრძალვა“ განათლების სექტორში. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

6. ინფორმაციის გავრცელება. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობების ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.

7. შეკრება და მანიფესტაცია. დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართული არის ადამიანის თავისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

8. შრომითი ურთიერთობები, როგორც კერძო ისე საჯარო დაწესებულებებში. ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.

"ეს არის ის 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით და გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში, ისევე როგორც შრომის კოდექსში, 17 მაისი დაწესდება როგორც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და გამოცხადდება უქმე დღედ.

რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ და მივიღებთ პირველი მოსმენით, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, რომ ვისაც სურს იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S