
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობის განახლებას „აგენტების კანონის“ გამო არ აპირებს
31/05/2024 19:17:33 საზოგადოება
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მთავრობასთან თანამშრომლობას განახლებას ჯერჯერობით არ აპირებს. მიზეზი „აგენტების კანონია“. ამის შესახებ BMGTV-ისთან ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თამარ სხულუხიამ ისაუბრა.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ ჯერ კიდევ 3 მაისს განაცხადა და მიუთითა, რომ გადაწყვეტილება ძალაში რჩება, ვიდრე „საქართველოს მთავრობა კვლავ ქვეყნის ევროპული გზის სამსახურში არ დაბრუნდება".
„არავინ იყო მზად მოვლენების ამ სცენარით განვითარებისთვის. ეს იყო ჩვენი პირველი გადაწყვეტილება. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ბევრი წელია თანამშრომლობს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა თავისი კვლევით და ანალიტიკით წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და დაეხმაროს გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს ქვეყნისთვის სასიკეთო.
ჩვენ ყველას გვჯეროდა და გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპისკენ სვლა და ევროკავშირის წევრობაა, თუმცა დღეს, მკაფიო ხედვა იმისა, რომ მთავრობის პოლიტიკა, გადაწყვეტილებები და „რუსული კანონი“ ამას ემსახურება, რა თქმა უნდა, არ გვაქვს; ამიტომ გადავწყვიტეთ, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მთავრობასთან იქამდე, სანამ არ დავინახავთ, რომ ევროპული კურსი გაგრძელდება ან რამე არ შეიცვლება, თუნდაც კანონის გაუქმებით“, - განაცხადა თამარ სულუხიამ.
მან გაიხსენა, რომ „ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, ხშირად ასრულებდა იმ სამუშაოს, რომელსაც პარლამენტი თუ მთავრობა გვიკვეთავდა, ხოლო დონორები აფინანსებდნენ... [აგენტების კანონით] კი, გამოდის, რომ ვართ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, არამედ უცხო ძალის აგენტი. ეს ძალიან სარკასტულად ჟღერს“.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი მიიჩნევს, რომ ახლა, საქართველოს განვითარებისთვის ყველაზე მეტად „ევროპულ გზაზე დაბრუნება“ სჭირდება "საქართველოში წერტილი უნდა დაესვას რუსეთის გავლენას და „რუსულ კანონს“, - თქვა მან.