Accentnews.ge
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი არ მიიწვიეს

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი არ მიიწვიეს

31/05/2024 17:59:30 პოლიტიკა

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვიეს. ამის შესახებ ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შემდეგ ცნობა მედიასთან დაადასტურა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

მან მიზეზად პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება დაასახელა. საუბარია ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.

„იცით თუ რა გადაწყვეტილებაც მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა. მე ვფიქრობ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდეთ და ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდით.

მე არ მაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი, არც კანონითაა ვალდებულება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი. მკვლელობის მცდელობაზე იყო ხომ? ცოცხლად წვავდა. აქედან გამომდინარე უხერხულობა რომ არ შექმნილიყო, მათ შორის პოლიციელებთანაც გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეპატიჟებინა ქალბატონი პრეზიდენტი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სინამდვილეში ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებისას დააკავეს, არა მკვლელობის მცდელობას, არამედ პოლიციელზე თავდასხმას და სხვისი ქონების განადგურებას ედავებოდნენ. ოჯახი, ადვოკატები ლაზარეს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ, აცხადებდნენ, რომ საქმეზე არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი და რომ საქმე ემყარებოდა მხოლოდ პოლიციელის სადავო ჩვენებას. მათი ხედვით, ლაზარე შეგნებულად შეირჩა მისი იმიჯის გამო. იმავე პერიოდში იმჟამინდელმა პრემიერმა ქუჩაში გასული ახალგაზრდები "სატანისტებად" მოიხსენია. გრიგორიადისს 9 წელი მიუსაჯეს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა.

ამასთან, გომელაურის განცხადებით, ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ელჩებიც, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მოსვლა ვერ მოახერხეს და ღონისძიებას მათი წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ელჩები ყველა მოწვეული იყო. დარეკეს პროტოკოლში და ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, ზოგი გაციებული იყო, როგორც თქვეს და მოადგილეები მოვიდნენ, მათი წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ როგორც ვიცი“, - განაცხადა გომელაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S