
კალაძე: წერეთლის გამზირი რობოტით დაათვალიერეს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს
31/05/2024 12:56:10 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, წერეთლის გამზირი სპეციალური რობოტით დაათვალიერეს და სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს.
მისივე მტკიცებით, წერეთლის გამზირზე დატბორვა "სეტყვის შედეგად ჩამოყრილმა ტოტებმა, ფოთლებმა და სხვადასხვა ნივთმა", მათ შორის "ავტომობილის ბამპერმა" გამოიწვია.
"გუშინ სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა კადრები, წერეთლის გამზირთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა სპეკულაციები და სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს წერეთლის გამზირზე არ მუშაობს სანიაღვრე სისტემა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი.
მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა წერეთლის გამზირზე და იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც იყო შეტბორვა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი: სეტყვისშედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით ქუჩებიდან ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ნივთი, მაგალითად, იყო ავტომობილის ბამპერი, რომლითაც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო წყლის მიმღები სისტემა, გადავსებული იყო სანიაღვრე ცხაურები.
სპეციალური მოწყობილობით - რობოტით, რომელიც შევიძინეთ და რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არასებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს“ - თქვა კალაძემ.