"აგენტების კანონზე" პოზიციის გამო ლიეტუვის ელჩი დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
31/05/2024 11:34:26 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ელჩის დაბარება საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და "აგენტების კანონთან" დაკავშირებით ლიეტუვის "პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით“ მოხდა.
„საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს",– ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, შეხვედრაზე, მხარეებმა "გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა“.


