მოსკოვი ივანიშვილს პუტინისა და სი ძინპინის ბანაკის წევრად მოიხსენიებს
30/05/2024 10:41:10 პოლიტიკა
მოსკოვში ივანიშვილს უკვე პუტინისა და სი ძინპინის ბანაკის წევრად მოიხსენიებენ.
კერძოდ, რუსმა პროპაგანდისტმა, კრემლის ერთ-ერთ იდეოლოგად მოაზრებულმა ალექსანდრე დუგინმა საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე რუსეთის პრეზიდენტისა და ჩინეთის ლიდერის, ასევე უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანისა და სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს გვერდში "პოსტმოდერნთან მებრძოლ ტრადიციის ბანაკად" ახსენა:
"ტრადიციის ბანაკი თავის თავში მოიცავს ყველა ცივილიზაციასა და კულტურას, რომელიც სუვერენიტეტსა და იდენტობას აღიარებს. მათ შორის წინააღმდეგობები მეორეხარისხოვანია. პოსტმოდერნის ბანაკი კი - ეს არის კოლექტიური დასავლეთი და მისი მარიონეტები, ლიბერალური და მემარცხენე-ლიბერალური ძალები მთელს მსოფლიოში. ამ ბანაკში ღიად და ხისტადაა უარყოფილი იდენტობა, ტრადიციული ფასეულობები, კულტურა, სუვერენიტეტი. პოსტმოდერნის ბანაკი ებრძვის ტრადიციის ბანაკს მთელს მსოფლიოში - უკრაინაში, ახლო აღოსავლეთში, ტაივანში, ღაზასა და სხვაგან. პოსტმოდერნის ბანაკისთვის ტრადიციონალისტი მოდი ისევე მიუღებელია, როგორც პუტინი, სი ძინპინი, ორბანი, ფიცო ან ივანიშვილი. პოსტმოდერნი შლის ცივილიზაციებს და დასცინის ტრადიციულ კულტურებს. ამ ბანაკებს შორის ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანი ომია მსოფლიოს ისტორიაში. კაცობრიობის მსგავსი რადიკალური დაყოფა ჯერ არასდროს ყოფილა. და მსგავსი რამ მხოლოდ დიდი საღმრთო განსჯის წინ შეიძლება, ხდებოდეს" - წერს დუგინი თავის ტელეგრამ-არხში.


