კობახიძე: დღეს უკრაინა ჩამოქცეულია
30/05/2024 08:39:46 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ უკრაინაზე საუბრობს და ამბობს, რომ "მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში".
მისი თქმით, დღეს უკრაინა "ჩამოქცეულია".
„ყველას მინდა ვუთხრა, რომ მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში. მინდა შეგახსენოთ რა იყო უკრაინისთვის მაიდანის შედეგები. მაშინ რეალურად გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, მერე მეორედ და საბოლოო ჯამში, ვინც დანიშნა გარედან ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ უკრაინაში განვითარდა. უკრაინა 2013 წლამდე იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც ჰქონდა ეკონომიკა 200 მილიარდი დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისებრივად შემცირებული, ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ათი ათასობით ადამიანი არის დაღუპული და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვიჩვენა ყველაზე კარგად სწორედ უკრაინის მაგალითმა, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.


