ლიეტუვის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩი დაიბარეს
30/05/2024 07:23:33 პოლიტიკა
"უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის გამო ლიეტუვის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩი დაიბარეს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელჩთან შეხვედრაზე "ღრმა მწუხარება" გამოიხატა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ამ ნაბიჯის, ასევე სხვა ქმედებების გამო, რომლებიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაზე და მისი მოქმედების შეზღუდვაზეა მიმართული, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ კურსს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამასწინათ საქართველოში კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, რომელიც შეუთავსებელია ევროინტეგრაციასთან, ამასთანავე, ვრცელდება აქტიური ანტიდასავლური პროპაგანდა, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ კი ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობებსა და მის წარმომადგენლებზე ორგანიზებულ თავდასხმებს.
"ლიეტუვა ღრმადაა შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და თანამშრომლობს პარტნიორებთან რეაგირების შესაძლო ზომებთან დკავშირებით" - ნათქვამია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.


