„ვემზადებით ზომების მისაღებად" – NATO–ში აშშ-ის ელჩი საქართველოს ხელისუფლებაზე
29/05/2024 16:03:00 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატები თავს იკავებს მკაცრი განცხადებებისგან საქართველოს ნატო–სკენ სწრაფვის შეჩერების თაობაზე და სურს საქართველოს ყოფნა ვაშინგტონში სამიტზე, მაგრამ ამავდროულად აძლიერებს ზეწოლას „აგენტების კანონზე" უარის თქმის შესახებ. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმიტმა პრაღაში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება EuroPravda-ს კორესპონდენტი.
ელჩი სმიტი ამბობს, რომ მთავარია ქართველი ხალხის მისწრაფება და ეს არ შეცვლილა.
„ჩვენ საქართველოს ხალხში ვხედავთ დასავლური ინსტიტუტებისკენ სწრაფვის მკაფიო სურვილს, ასევე ძალიან, ძალიან ღრმა და გულწრფელ რწმენას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. უყურებთ გამოკითხვებს – როგორც ახალს, ისე მრავალი წლის წინანდელს, ან ვიდეოებს, სადაც ათასობით ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში, რათა ნათლად ისაუბროს უცხო გავლენის კანონის წინააღმდეგ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ და გასაგები ხდება, რა არჩევანი გაკეთდა ხალხმა, ”- განმარტა მან.
თუმცა, აშშ-ის წარმომადგენელმა გაიხსენა, რომ შეერთებული შტატები გმობს "აგენტების კანონის" მიღებას, „ასევე, იმ ცვლილებებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ბოლო კვირებში.
მან ასევე მიანიშნა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესაძლებლობაზე.
„ჩვენ ვემზადებით ზომების მისაღებად მათ წინააღმდეგ, ვინც დგას ანტიდემოკრატიული ცვლილებების უკან, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ ცვლილებებზე სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დიპლომატმა.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ იმედოვნებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ცვლილებას და ასევე, რომ მთავრობა „აირჩევს იმ პოლიტიკას, რომელსაც ხალხი მხარს უჭერს“.
აღსანიშნავია, რომ ამის მიუხედავად, შეერთებული შტატები ხედავს საქართველოს ყოფნის აუცილებლობას ვაშინგტონში ნატოს სამიტზე, მაგრამ ჯულიან სმიტმა უარი თქვა დაზუსტებაზე, კონკრეტულად ვინ იქნება მიწვეული თბილისიდან და იქნება თუ არა ის მთავრობის წარმომადგენელი.
„არის მკაფიო სურვილი, რომ სამიტის განმავლობაში ამა თუ იმ გზით ჩაერთოს ნატოს ყველა პარტნიორი“, - თქვა მან.


