
"დაძრულია მუზეუმის ხიდი, მიმდებარედ – მიწა" – ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან ტერიტორია დაიმეწყრა
29/05/2024 13:36:01 საზოგადოება
ჩარგალში, უწყვეტი წვიმების გამო, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ხიდი და მისი მიმდებარე მიწა დაძრულია. ინფორმაცია და ფოტო-ვიდეო მასალა თავდაპირველად სოციალურ ქსელში ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა გაავრცელა.
"ეს მდგომარეობაა ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმში...დაძრულია მუზეუმის ხიდი, ხიდის მიმდებარე მიწა. ავტობუსის მოსაცდელი წყალმა წაიღო, ტრანსფორმატორი და ის მწვანე პატარა ჯიხურიც. მუზეუმთან მისვლა საშიშია... ასეთი რამ მე არ მახსოვს, არ ახსოვთ ჩემზე უფროსებსაც! ღმერთო უშველე ჩემს პატარა სამოთხეს და ჩემს ქვეყანას მთლიანად! - წერს ლელა რაზიკაშვილი სოციალურ ქსელში.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა ნარიმანიძემ თქვა, რომ ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან, რომელთა დასკვნის მიხედვითაც იმოქმედებენ.