Accentnews.ge
თბილისში ჩატარდა კონფერენცია  "საქართველოს აღორძინება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში"

თბილისში ჩატარდა კონფერენცია "საქართველოს აღორძინება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში"

29/05/2024 13:25:52 პოლიტიკა

თბილისში ჩატარდა კონფერენცია თემაზე "საქართველოს აღორძინება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში - ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ".

24 მაისს გამართული ღონისძიების ორგანიზატორი "ევრაზიის ინსტიტუტი" და მისი ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე იყვნენ.

დისკუსიის მონაწილეებმა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ისტორია განიხილეს და აღნიშნეს, რომ "რუსეთთან მიერთების გზით საქართველომ გაცილეთ მეტი მიიღო, ვიდრე დაკარგა".

ამასთან, კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს "რუსოფობიის შესახებ რეზოლუცია", რომელშიც, მათ შორის, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ინიციატივით მიღებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონზეც არის საუბარი. კრემლისტური ორგანიზაციების არგუმენტები დიდწილად ემთხვევა ხელისუფლების წარმომადგენლებისას.

"თუ ამ კანონს განვიხილავთ არა მარტო როგორც საკანონდებლო აუცილებლობას, არამედ ერთგვარი პოლიტიკური ტესტის ფორმასაც, ცხადი ხდება დასავლეთის უპატივცემულობა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და მისი სურვილი, ქვეყანა სრულად დაიქვემდებაროს. და ეს არაა ცალკეული დასავლური წრეების, ცალკე აღებული "გლობალური ომის პარტიის" დამოკიდებულება, ეს დასალეთის გლობალისტური ელიტის კონსოლიდირებული პოზიციაა. ყველას კარგად გვესმის, რომ გლობალისტურ დასავლეთს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად სჭირდება, რომ მისთვის საქართველო პაიკია გეოპოლიტიკურ თამაშში" - ნათქვამია "რეზოლუციაში", რომელიც კონფერენციაზე რცხილაძემ ჩაიკითხა.

ამასთან, ტექსტი შეიცავს "ქართული იცნებისადმი" მოწოდებას, "გადადგას ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად - ღიად და გაბედულად".

"მოდით, უარი ვთქვათ გიჟურ, ირაციონალურ რუსოფობიაზე და გავერთიანდეთ ჩვენი ტრადიციული ფასეულობების ორგვლივ, რომლებიც ეროვნულ შუღლს გამორიცხავს. ეს მოწოდება პირველი არაა, მაგრამ უკანასკნელია. დრო აღარ რჩება!" - ნათქვამია რეზოლუციაში.

ცნობისთვის: აპრილში თბილისში ჩატარდა შეხვედრა თემაზე "ტრადიციული ფასეულობები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი". მასში რუსმა და პრორუსმა ქართველმა ექსპერტებმა, პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S