Accentnews.ge
საფრანგეთის საგარეო უწყება: სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის

საფრანგეთის საგარეო უწყება: სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის

29/05/2024 12:39:02 პოლიტიკა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საფრანგეთი ისევე, როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის.

„საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ქართულ თარგმანს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და "აგენტების კანონი" საბოლოოდ მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S