Accentnews.ge
პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მომხრეებს რეფერენდუმისთვის ხელმოწერების შეგროვების, ხოლო შემდეგ არჩევნების დაცვისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მომხრეებს რეფერენდუმისთვის ხელმოწერების შეგროვების, ხოლო შემდეგ არჩევნების დაცვისკენ მოუწოდებს

28/05/2024 17:24:02 პოლიტიკა

"მე ამ საღამოს თქვენთანა ვარ. 84 შულავერელი თუ ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია" - ასე დაიწყო პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" რუსულ კანონზე მისი ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით დღეს საღამოს ორბელიანების სასახლიდან ქართული საზოგადოებისადმი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მან საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე საზოგადოებას სამოქმედო გეგმაც გააცნო.

"ეხლა გეტყვით, რა გვაქვს გასაკეთებელი. მათ ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და საკუთარი სახელები ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს. ჩვენ კი ეხლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის [საპარლამენტო არჩევნების დღე - რედ.], რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ? და გაბრაზდით! მაგრამ დავიწყოთ საქმე! საქმე კი ისაა, რომ პირველ რიგში, მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ანუ, ის ენერგია, რომელიც დღეს თქვენშია, უნდა მოხმარდეს იმას, რომ მოაგროვოთ ხელმოწერები და მოიტანოთ ჩემთან, მე კი მოვაწერ ხელს რეფერენდუმს თემაზე, "გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა?". 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს! ამას ჩვენ გადავწყვეტთ ყველანი ერთად! 84 კაცი არავინაა იმასთან შედარებით, ვინც დღეს ხართ აქ - ახალი საქართველო, მომავლის საქართველო!" - მიმართა პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს პრეზიდენტმა.

მეორე მთავარ საქმედ კი ზურაბიშვილმა დაასახელა შემდეგი:

"თქვენ, ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ამ ხელმოწერების შეგროვების საქმეს და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ დაიცვათ არჩევნები, დაიცვათ ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რადგან თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა (როგორც მინიმუმ) არის ის, რაც 26 ოქტომბერს არჩევნებს გადაწყვეტს. მე კი ამ დროს მივხედავ იმას, რო ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები (ზოგმა რომ ვერ გაიგო, ვინაა ჩვენი მეგობარი, ვინ - საუკუნოვანი მტერი) ჩვენს გვერდში იყვნენ. შეიძლება, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, რადგან ქვეყანამ დღეს გამოჩინა, ვინ არის, რა არის, სად არის და ეს არის ჩვენი მომავალი! 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ".

მან ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აღუთქვა გვერდში დგომა და მიმართა დაასრულა სიტყვებით:

"მე ვარ თქვენს გვერდში! მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე!".

ცნობისთვის: დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და "აგენტების კანონი" საბოლოოდ მიიღო.

პარლამენტში "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღეს პროტესტის ფონზე განიხილეს. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.

"ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S