Accentnews.ge
ბორელი და ევროპული კომისია "აგენტების კანონის" საბოლოოდ მირებაზე: განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს რეაგირებისთვის

ბორელი და ევროპული კომისია "აგენტების კანონის" საბოლოოდ მირებაზე: განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს რეაგირებისთვის

28/05/2024 16:24:28 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროპული კომისია "აგენტების კანონის" საბოლოოდ მიღებას ეხმიანებიან.

"ევროკავშირი ღრმა წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც ამ კანონის გაუქმების შესახებ მკაფიო რეკომენდაციას შეიცავდა. ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი ამოქმედება ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამთან დაკავშირებით უკან დახევას იწვევს (ეს ნაბიჯები ეხება დეზინფორმაციას, პოლარიზაციას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას) და უარყოფითად აისახება ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღმა, ჯერ კიდევ არ არის მობილიზებული საკმარისი პოლიტიკური ყურადღება ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და ევროკავშირის გზაზე მტკიცედ დაბრუნდეს. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ ამისათვის მმართველი ხელისუფლების ძლიერი ერთგულებაა საჭირო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ. ვაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და ვაღიარებთ მისი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და "აგენტების კანონი" საბოლოოდ მიიღო.

პარლამენტში "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღეს პროტესტის ფონზე განიხილეს. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.

"ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S