Accentnews.ge
ოპოზიცია: ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში

ოპოზიცია: ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში

28/05/2024 15:35:05 პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, პარლამენტთან მივიდეს და ერთიანობის სათავეში ჩადგეს.

შესაბამისი განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ გააკეთა:

"საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან ერთად, მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში. არჩევნებამდე დარჩა 151 დღე და წამზომი ჩართულია. თითოეული დღე იქნება მძიმე ბრძოლის, მოღალატე და ყველაფრის მკადრებელი ხელისუფლების დასამარცხებლად, თითოეული ჩვენგანი ვხდებით ჩვენი სამშობლოს და ჩვენი არჩევანის დაცვის ჯარისკაცები. 151 დღე ძალიან ცოტაა იმ მაღალ მიზანთან შედარებით, რისთვისაც ვიბრძვით, ამიტომ აქ და ახლა ყველამ ვთქვათ ჩვენი სიტყვა და დავანახოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი სიტყვის ფასი, დავდოთ პირობა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს არჩევანს 2024 წლის ოქტომბერში, დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას, რუსეთის დავალებების შემსრულებელ ხელისუფლებას".

ცნობისთვის: დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და "აგენტების კანონი" საბოლოოდ მიიღო.

პარლამენტში "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დღეს პროტესტის ფონზე განიხილეს. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.

"ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S