Accentnews.ge
არმაზ ახვლედიანი – საპარლამენტო უმრავლესობას: ვეტოს გადალახვით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საბოლოოდ დაბლოკვა ხდება, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ განბლოკვის დღე ახლოსაა

არმაზ ახვლედიანი – საპარლამენტო უმრავლესობას: ვეტოს გადალახვით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საბოლოოდ დაბლოკვა ხდება, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ განბლოკვის დღე ახლოსაა

28/05/2024 10:13:10 პოლიტიკა

ვეტოს გადალახვით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საბოლოოდ დაბლოკვა ხდება, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ განბლოკვის დღე ახლოსაა, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მისივე თქმით, კენჭისყრამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ მმართველმა გუნდმა არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთოს.

„33 წლის წინ, დღის დაახლოებით ეს მონაკვეთი იყო, როდესაც მაშინდელმა საკანონმდებლო ორგანომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს დაუჭირა მხარი. ვერავინ დაიჯერებდა და წარმოიდგენდა, მაშინ, 33 წლის წინ, როდესაც 9 აპრილის იარები ასეთი ღია იყო, რომ 33 წლის თავზე, საქართველოს პარლამენტი ამ შემადგენლობით დამოუკიდებლობის უმთავრეს ბოძებს შეარყევდა და ძირს გამოუთხრიდა ამ ანტიეროვნული კანონის მიღებით. დღეს ვეტოს გადალახვით, თქვენ მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საბოლოოდ დაბლოკვა ხდება და ასევე, საქართველოს ეროვნული მისწრაფებების, იყოს დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ განბლოკვის დღე ახლოსაა, იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც იკრიბება დღეს ბათუმში, ქუთაისსა ადა თბილისში, მრავალ სხვა ქალაქსა და სივრცეში, უანგაროდ, მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით, მხოლოდ წინაპართა დანაბარების შესასრულებლად იკრიბება და სხვა ამოცანა ჩვენ არ გაგვაჩნია. უნდა ვხვდებოდეთ იმას, რომ განბლოკვის დღე, დაპაუზებული, დაბლოკილი დემოკრატიზაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, გითხარით, რომ მალეა და ამ "მალეს" ის მათქმევინებს, რომ სწორედ ახლა შექმნილია ყველაზე უკეთესი გეგმა, გამოსავალი, გზა. მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა ის, რაც შესთავაზა ქართველ ხალხს, ოპოზიციას, იმ პრეზიდენტმა, ვისაც თქვენმა პრემიერმა მოღალატე უწოდა. [...] რამდენიმე საათი დარჩა კენჭისყრამდე, ამიტომაც ჯერ კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთოთ. არათუ მერიდება რომ ვთქვა, რომ საქართველოს მეგობარი აშშ-ია, ევროპის კავშირია, არამედ ვამაყობ ამ მეგობრობით და მიმაჩნია, რომ ამ განბლოკვით, რომელსაც ქართველი ხალხი ოპოზიციის სწორი პოზიციონირებით შეძლებს ოქტომბერში, ჩვენ საბოლოოდ დავიბრუნებთ ამ მეგობრებს და შევძლებთ საქართველოს ურყევად დაყენებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

პარლამენტში მიმდინარეობს სხდომა, რომელზეც "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ. სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონის მოწინააღმდეგეების პროტესტი გრძელდება. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე ისმის შეძახილები: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.

23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.

24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S