EU–ს წევრი 7 ქვეყნის პარლამენტების სპიკერები: ვიმედოვნებთ, საქართველო ვალდებულებებს არ გადაუხვევს ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის
27/05/2024 18:30:11 პოლიტიკა
ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყნის პარლამენტების სპიკერები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს "აგენტების კანონის" გაწვევისკენ მოუწოდებს.
სპიკერები იხსენებენ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს უწინდელ პროგრესს და მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამენ.
„ჩვენ მოგმართავთ, როგორც საქართველოს პარტნიორები, მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. თქვენი ევროინტეგრაციის პროგრესის ყოველ ნაბიჯზე ჩვენ საქართველოსთან ერთად ვიყავით. ჩვენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები და უზარმაზარი ძალისხმევა ვნახეთ, რომელიც გასულ წლებში თქვენ რეფორმების განსახორციელებლად გაიღეთ. თქვენ ამ გზაზე სხვა ასპირანტებს მაგალითს აძლევდით. ჩვენ მხარს ამაყად გიჭერდით და მზად ვართ ამ გზის გასაგრძელებლად ყველა საჭირო დახმარება გაგიწიოთ“, - ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სპიკერები, ხოლო ადრესატი მათი ქართველი კოლეგა შალვა პაპუაშვილია.
სპიკერები ხაზს უსვამენ, რომ „საქართველოს მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ჩვენთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგან თქვენი ქმედებები იმ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომელზედაც ვალდებულება აიღეთ, რომ იხელმძღვანელებდით და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია".
"საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სულისკვეთება და შინაარსი ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. არსებული კანონი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაჩუმებას ისახავს მიზნად, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ეხმარებიან. ჩვენ მოგიწოდებთ, ეს კანონი გაიწვიოთ და ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში ჩაერთოთ. ასევე, ჩვენ მოგიწოდებთ, ფუნდამენტურ ღირებულებებს, ხალხის შეკრების უფლებას პატივი სცეთ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების გამოყენება შეწყვიტოთ“.
სპიკერები კონსტანტირებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და იმედოვნებენ, "საქართველო თავის ვალდებულებებს არ გადაუხვევს, ქართველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობის, ასევე, თავისუფლებებისა და ღირებულებების საერთო სივრცეში შეყვანისთვის".
"ჩვენ საქართველოს ევროპული მომავლის გვჯერა და ჩვენი მხარდაჭერის ერთგულები ვართ“, - აღნიშნულია წერილში.


