ბორელი - "აგენტების კანონზე": შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ, გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ
27/05/2024 16:20:08 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს შესახებ.
ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ „აგენტების კანონის" მიღების შემთხვევისთვის შესაფერისი პასუხების განხილვა დაიწყო, თუმცა გადაწყვეტილებას ივნისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღებენ.
„ჩვენ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აზრები გავცვალეთ. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა, ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის თანახმად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონი გააუქმოს. კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ და გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ევროკავშირის წევრები მზად იყვნენ გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, არ შეესაბამება ევროპულ გზას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო საპარლამენტო არჩევნებსაც, "ქართველ ხალხს ხმის მიცემა თავისი ქვეყნის ტრაექტორიისთვის მოუწევს და მთავრობის ქმედებებმა შეიძლება, საბოლოოდ გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ისინი ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად იღებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება [შეხვედრაზე]არ მომხდარა“.
მანამდე რადიო თავისუფლება წერდა, რომ საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონი საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემულ სამ დათქმას არღვევს და კოპენჰაგენის კრიტერიუმებს არ შეესაბამება.
კოპენჰაგენის კრიტერიუმები:
- პოლიტიკური - „იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას”.
- ეკონომიკური - „ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს კონკურენციის წნეხსა და საბაზრო ძალებს ევროკავშირის შიგნით”.
- წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან გამკლავების უნარი - „მათ შორის იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკის გატარება, რომელთაგანაც შედგება ევროპული კანონმდებლობა”."
რადიო თავისუფლების" ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ასევე შედგეს მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას.
გამოცემის ცნობით, სხდომაზე საქართველოს შესახებ დისკუსია ხანმოკლე იყო, დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და მასში ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, შვედეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.


