პაპუაშვილი: ხვალ დასრულდება პროცესი, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს
27/05/2024 14:41:42 პოლიტიკა
ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და რა თქმა უნდა, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა "აგენტების კანონთან" დაკავშირები.
მან განმარტა პროცედურები და თქა, რომ საკითხი 28 მაისს პლენარულ სხდომაზე გავა და პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, ვეტოს საკითხი განიხილება.
„ქართველი ხალხის ინტერესია, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც შემოდის და მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდებს, იყოს ცნობილი - საიდან შემოდის და რაში იხარჯება. ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და ნება, რომ ეს უფლება თავს არ წაართვას და არ იყოს უცხოელების და NGO-ების კეთილგანწყობაზე დამოკიდებული - ვინ თავისი ნებით გადაწყვეტს გასაჯაროებას და ვინ არ გადაწყვეტს. ეს არის საქართველო, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფო და ამ სახელმწიფოში, რაც შემოდის უცხოური ფული და იხარჯება ისეთ საკითხებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე ახდენას გავლენას, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ამასთან დაკავშირებით ყველა დეტალი იცოდეს. ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი, ქართველი ხალხის ნება, საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და რა თქმა უნდა, მათი ნება უნდა აღსრულდეს“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.


