მედია: ბრიუსელში "აგენტების კანონის" საპასუხო ზომები განიხილეს
27/05/2024 14:31:14 პოლიტიკა
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს. ისაუბრეს რუსული კანონის საპასუხო ზომებზეც,– იტყობინება "რადიო თავისუფლება".
მედიასაშუალების ცნობით, საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონი საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემულ სამ დათქმას არღვევს და კოპენჰაგენის კრიტერიუმებს არ შეესაბამება.
კოპენჰაგენის კრიტერიუმები:
- პოლიტიკური - „იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას”.
- ეკონომიკური - „ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს კონკურენციის წნეხსა და საბაზრო ძალებს ევროკავშირის შიგნით”.
- წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან გამკლავების უნარი - „მათ შორის იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკის გატარება, რომელთაგანაც შედგება ევროპული კანონმდებლობა”.
"რადიო თავისუფლების" ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ასევე შედგეს მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას.
გამოცემა ასევე წერს, რომ სხდომაზე საქართველოს შესახებ დისკუსია ხანმოკლე იყო, დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და მასში ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, შვედეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.


