შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ევროკომისარმა ვარჰეიმ „ყველა ქართველს და მთელ ერს" დამოუკიდებლობის დღე აღარ მიულოცა
27/05/2024 07:09:49 პოლიტიკა
შარშანდელისგან განსხვავებით, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ „ყველა ქართველს და მთელ ერს" დამოუკიდებლობის დღე აღარ მიულოცა.
2023 წლის 26 მაისს მან საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების მიმართ მხარდამჭერი "პოსტი" გამოაქვეყნა.
- „ყველა ქართველს და მთელ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. თავისუფლებისკენ სწრაფვამ გაგაძლიერათ და გამძლე გაგხადათ. თავისუფლება ყველა ბრძოლაზე იმარჯვებს“, – წერდა ვარჰეი 2023 წლის 26 მაისს სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მუქარაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, იმავე დღეს ევროკომისარმა ვარჰეიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი "წუხილს გამოთქვამდა, რომ მისი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული".
"საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მომუშავე კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლებისთვის.
საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, მე დიდ ძალისხმევას ვწევ, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება დამერწმუნებინა არ მიეღო კანონი "უცხოური გავლენების" შესახებ, რომელმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს გზას ევროკავშირში.
იქიდან გამომდინარე, რომ კარგად მაქვს გაცნობიერებული საქართველოს საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული სენტიმენტები, სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე პრემიერს ყურადღება მიექცია საჭიროებაზე, რომ ამ კანონის მიღებით, არ უნდა გამწვავდეს ისედაც მერყევი სიტუაცია, რასაც შეუძლია, გამოიწვიოს უფრო ღრმა პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარება. ამასთან დაკავშირებით, მაგალითად მოვიყვანე უკანასკნელი ტრაგიკული ინციდენტი სლოვაკეთში, როგორც მაგალითი თუ სად შეიძლება, მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.
კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არამხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რომ მას შეეძლო ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია გამოეწვია.
მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი.
მე ამას ვთხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და პატივსაცემი მეგობარი.
მე კვლავ ვაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე".
ვარჰეის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და მაგალითად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა მოუყვანა.
"საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.
თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.
პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.
დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა", – განაცხადა კობახიძემ.
ამავე თემაზე: "ოცნება" ვარჰეის განმარტების შემდეგ: რაც არ უნდა ყოფილიყო კონტექსტი, ეს ნამდვილად აღიქმება მუქარად
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.


