"ოცნება" ვარჰეის განმარტების შემდეგ: რაც არ უნდა ყოფილიყო კონტექსტი, ეს ნამდვილად აღიქმება მუქარად
24/05/2024 06:21:20 პოლიტიკა
ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განმარტების შემდეგ აცხადებს, რომ კონტექსტის მიუხედავად, პრემიერ ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის პრემიერის ხსენება "ნამდვილად აღიქმება მუქარად". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
"მისასალმებელია ბატონი კომისრის, ვარჰეის საპასუხო განცხადება და განმარტება. ჩვენც და მთელს საზოგადოებას გვქონდა მოლოდინი, რომ ნათელი მოეფინებოდა თავად სიტყვების ავტორის მიერ ამ ყოველივეს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს [ფიცოს ხსენება] იყო არა რაიმე ტიპის განზრახვა მუქარასთან დაკავშირებით, არამედ ქართულად რომ ვიტყვით ხოლმე, სიტყვის მასალად, გამაფრთხილებელი ფორმით გაკეთებული და მაგალითად მოყვანილი, როგორც ამას თავად კომისარი ამტკიცებს. ეს ის კომისარია, რომელიც ძალიან ხშირად დახმარებია საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში, ხელშემწყობი პოზიცია ჰქონია. რაც არ უნდა ყოფილიყო კონტექსტი, ნებისმიერ შემთხვევაში და ვერავინ იტყვის საწინააღმდეგოს, ეს [ფიცოს შემთხვევის მაგალითად მოყვანა] ნამდვილად აღიქმება მუქარად მის მიმართ, ვინც ამას ისმენს.
რაც შეეხება პოლარიზაციას, ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სწორედ ასეთი [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის უქონლობა იწვევს ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციას და შემდეგ ამ პოლარიზაციის გადაზრდას რადიკალიზმში. ამიტომ ეს ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ ხელს შეგვიწყობს როგორმე სიტუაცია დამშვიდებისკენ წავიდეს. რა თქმა უნდა, ვნებათაღელვები კიდევ იქნება ვეტოს გადალახვის პროცესში, მაგრამ დროთა განმავლობაში კანონი სიტუაციას დაამშვიდებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
"ევროკომისარი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე: სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ. წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი..." - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ნინო წილოსანი ვარჰეის განმარტებას.
მსგავსი პოზიცია დააფიქსირა მმართველ პარტიის კიდევ ერთმა წევრმა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა:
"ვარჰეიმ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერს ვუთხარი, პოლარიზაცია გაღრმავდება, ქუჩაში უკონტროლო სიტუაცია იქნება და ფიცოს ბედი გელის, თუ არ გაიწვევთ კანონსო. სხვა არაფერს ვგულისხმობდიო… საზოგადოება მინდა დავამშვიდო, ვეტოს დავძლევთ და პირიქით, პოლარიზაციაც დასრულდება, არც არეულობა იქნება და შანტაჟსაც არ დავექვემდებარებით არასდროს, მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ".
რა თქვა ვარჰეიმ
"საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2024 წლის 23 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მომუშავე კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლებისთვის.
საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, მე დიდ ძალისხმევას ვწევ, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება დამერწმუნებინა არ მიეღო კანონი "უცხოური გავლენების" შესახებ, რომელმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს გზას ევროკავშირში.
იქიდან გამომდინარე, რომ კარგად მაქვს გაცნობიერებული საქართველოს საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული სენტიმენტები, სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე პრემიერს ყურადღება მიექცია საჭიროებაზე, რომ ამ კანონის მიღებით, არ უნდა გამწვავდეს ისედაც მერყევი სიტუაცია, რასაც შეუძლია, გამოიწვიოს უფრო ღრმა პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარება. ამასთან დაკავშირებით, მაგალითად მოვიყვანე უკანასკნელი ტრაგიკული ინციდენტი სლოვაკეთში, როგორც მაგალითი თუ სად შეიძლება, მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.
კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არამხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რომ მას შეეძლო ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია გამოეწვია.
მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი.
მე ამას ვთხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და პატივსაცემი მეგობარი.
მე კვლავ ვაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე".
რა თქვა კობახიძემ
ვარჰეის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა და მაგალითად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმა მოუყვანა.
"საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.
თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.
პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.
დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა", – განაცხადა კობახიძემ.


