
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და მიზანშეწონილია შეიცვალოს
24/05/2024 10:00:23 პოლიტიკა, ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით, პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და მიზანშეწონილია შეიცვალოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის კანონის არსებული ფორმით ძალაში შესვლას, კაკაურიძე აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა შედგეს“.
„კანონი ძალაში როგორი შევა, მთავარი არის ეს, ამ ფორმით შესვლას ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის ქვეყანა ეწინააღმდეგება, ამიტომ საუბარი იყო, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დიალოგის შესაბამისად შესაძლებელია ის პრობლემური საკითხები, რომელიც არის, შეიცვალოს. გამჭვირვალობის პრობლემა მე მგონი, არავის უნდა ჰქონდეს, გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია შეიცვალოს“, - აცხადებს კაკაურიძე.
კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლოა, არ ჩაუშვან, კაკაურიძემ უპასუხა, რომ ამას არ ელოდება.
„რატომ გგონიათ, რომ ვერ ჩავალ? თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ მე ჩავალ თუ არა? ბლინკენს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ ის, რომ ინდივიდუალურ ადამიანებზე და ნებისმიერი თანამდებობის პირზე ჩავიდნენ, მსგავს გადაწყვეტილებას [არ ვიცნობ]. არ მგონია, რომ პირად სანქციაზე იყოს, რადგან არ ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის სანქციები ადეკვატურია, რომ ფინანსთა მინისტრს, ან მისს მოადგილეს [დაუწესდეს], თუ მას რამე კონკრეტული დანაშაული არ მიუძღვის“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო.
23 მაისს საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ "აგენტების კანონზე" დადებული ვეტოს დაძლევა 28 მაისისთვის დააანონსა.
24 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.